ფარული ჩანაწერები

თალაკვაძე: მჯერა, რომ არც ერთი უკანონო, ფარული ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების დროს არ შექმნილა

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

„თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას თქვა. თალაკავაძეს კითხვა ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კომენტართან დაკავშირებითაც დაუსვეს.

"თითოეულ შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ეკა ბესელიას საქმესთან დაკავშირებით. ის თავად დაგიდასტურებთ, რომ წარსულში რამდენიმე ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მე მჯერა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი უკანონო ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა შექმნილი და ის ჩანაწერები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შექმნილი და გამოქვეყნდა ამ პერიოდში, გამოძიების მხრიდან გახდა სათანადო რეაგირების საგანი,“ - თქვა არჩილ თალაკვაძემ,

კურიერის კითხვაზე უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში მაია ცქიტიშვილმა, თალაკვაძე პასუხობს, რომ „რუსთავი 2"-ის მხრიდან ამ თემაზე დამატებითი სპეკულაციები მიუღებელია, გიპასუხეთ, რომ სადაც არის კანონდარღვევა, იქ არის რეაგირება. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას."

გუშინ მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ "ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი."

კომენტარები