ჩინეთი

ჩინეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ლი ფენგი ე.წ. პეკინის ყასაბი გარდაიცვალა

fox

22 ივლისს ჩინეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ლი ფენგი დაავადებით 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1989 წელს ლი ფენგმა თიანანმენის პროდემოკრატიული პროტესტის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ასობით ან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლი ფენგის განმარტებით ეს "აუცილებელი" იყო. სისხლიანი დარბევის პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად მას და დენგ სიაოპინს ეკისრება.

ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდულ მედიაში სინხუა მასზე ამბობენ, რომ თიანანმენის აქციების დროს "ლი ფენგმა გადამწყვეტი ზომები მიიღო, რათა არეულობა და კონტრრევოლუციური ძალადობა შეეჩერებინათ".

"ლი ფენგი 4 ივნისის ჟლეტის ყასაბია და ასე უნდა დაამახსოვრდეს ის სამყაროს და ისტორიას. ვიმედოვნებ, ერთ დღეს - ჩინეთის წიგნებსაც," - აღნიშნა თიანანმენის აქციების ერთერთმა ლიდერმა ვუარ ქაისიმ, რომელიც ამჟამად ქვეყნიდან გაძევებულია. მისი თქმით, მათ ვინც 1989 წლის ივნისში საყვარელი ადამიანები დაკარგეს კვლავ სამართალს ელოდებოდნენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეოთხე პრემიერმინისტრის თანამდებობას ფენგი 1987 წლიდან 1998 წლამდე იკავებდა.

1989 წელს პეკინში თიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დარბევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ჩინეთში თიანანმენის დარბევა ტაბუდადებული თემაა. ყოველი წლის 4 ივნისს ჩინეთში ჰონგ-კონგსა და მაკაუში ყოველწლიურად თიანანმენის დარბევის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებენ, 1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ.

კომენტარები