უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თავაძე: პაპუაშვილის სახლისთვის კვერცხების სროლაზე სახელმწიფოს რეაგირება არაჯეროვანი იყო

ბათუმელები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის თქმით, რამდენიმე წლის წინ მისი წინამორბედის სახლისთვის კვერცხებისა და პომიდვრების სროლაზე სახელმწფოს რეაგირება არაჯეროვანი იყო. 

ეს მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის პასუხად თქვა. 

თავაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდაატია და კონკურსში მონაწილეობს. მასთან გასაუბრება ახლა მიმდინარეობს. 

ნაზი ჯანეზაშვილი: რამდენად ადეკვატური იყო გიორგი პაპუაშვილის სახლისთვის კვერცხები სროლაზე სახელმწიფოს რეაგირება? 

ზაზა თავაძე: არაჯეროვანი. არა მარტო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები, არამედ თითოეული მოსამართლე უნდა იყოს უპირობოდ დაცული სახელმწიფოს მიერ და ამის კანონისმიერი გარანტიები არის ძალიან მაღალი. თუ შევხედავთ იგივე იმუნიტეტს. იმუნიტეტი არის მოსამართლის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი. იმუნიტეტთან ერთად ის, რომ მოსამართლის საქმიანობაში ხელის შეშლა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კომპლექტში ერთად ქმნიან იმ დაცვის ფარს, რაც აუცილებლად და მყისიერად უნდა მუშაობდეს. ეს მოგვცემს სწორედ იმას, რომ მოსამართლე არ იქნება შეზღუდული და დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. 

ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენ მაშინ ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადება თქვენი კომპეტენციიდან გამომდინარე? თუნდაც თქვენი კავშირები გამოგეყენებინათ, სახელმწიფოსთვის მიგემართათ ოფიციალურად, რომ მოსამართლის მიმართ მსგავს რამეზე ყოფილიყო ადეკვატური რეაგირება? 

ზაზა თავაძე: მე მაგ დროს ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარე, მაშინდელიც და ახლანდელიც, ვალდებულია, მიმართოს პროკურატურას, თუ მსგავსი ფაქტი მოხდება. მე საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრებოდი. მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ამის მიხედვით მოხდა რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. თქვენი შეკითხვა იყო, რეაგირება რამდენად ჯეროვანი იყოო და მე გითხარით, რომ ეს იყო არაჯეროვანი. მე ახლაც არ ვიცი, გამოძიება დამთავრებულია თუ არა ამ საქმეზე. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს ბათუმში კვერცხები და პომიდვრები 2015 წლის 17 სექტემბერს დაუშინეს. აქციის მონაწილეებმა წითელი საღებავით სახლის შესასვლელთან ხელები დახატეს და თქვეს, რომ "წითელი ხელები ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოა". 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები