თსუ

თსუ: ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძვ. წ. V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა

Facebook/ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, მათმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიან გორაზე ძვ. წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა. 

ინფორმაციას ამის შესახებ თავად თსუ ავრცელებს და წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ პერიოდის ძეგლი მთლიანადაა შემორჩენილი და იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. 

"ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია. სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს. იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობაც," - წერია განცხადებაში. 

თსუ-ის ცნობით, გათხრებში უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი მონაწილეობდა.

შიდა ქართლში, გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ-ის სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა.

2015 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით "გრაკლიანის გორას" ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი, ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წ. მე-5 საუკუნემდე. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.

კომენტარები