ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ახალი წყალქვეშა ხომალდის კადრები გაავრცელა

KCNA

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიან გაავრცელა კადრები, რომლებზეც ასახულია როგორ მოინახულა კიმ ჩენ ინმა ხომლადი, რომელიც, მათი თქმით, წყალქვეშა ნავია.

წყალქვეშა ნავი ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის, თუმცა, ჩრდილოეთ კორეელმა გენერლებმა კიმ ჩენ ინს მისი საბრძოლო სისტემების შესახებ მოახსენეს.

კიმ ჩენ ინმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა, მათ შორის წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტების.

მისივე თქმით წყალქვეშა ნავი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში მალე ჩაეშვება.

კიმ ჩენ ინი
ფოტო: KCNA

ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა წარმატებით 2016 წელს გამოსცადა. ოფიციალური ფხენიანი ირწმუნება, რომ ქვეყანას 70-მდე წყალქვეშა ნავი ჰყავს, თუმცა ექსპერტების მოსაზრებით მათი უმეტესობა ძველია და ბალისტიკური რაკეტების გაშვება არ შეუძლია.

აშშ-ში ამბობენ, რომ ამ წყალქვეშა ნავის მშენებლობის შესახებ ვაშინგტონში ერთ წელზე მეტია იციან. მათივე თქმით ფოტოების მიხედვით ის 2016 წელს გამოყენებულ ხომალდზე დიდია. ისინი მოელიან, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ხომალდს ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად გამოსცდის.

მათივე თქმით კიმ ჩენ ინის ვიზიტი აშშ-სათვის მესიჯის გასაგზავნად დაიგეგმა. კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც ვიეტნამში გაიმართა და ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესს შეეხებოდა უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ და მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა დადეს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან "შეთანხმების პირობების ცალმხრივად დარღვევის" გამო ოფიციალური ფხენიანი გადააფასებს მათ პირობას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტის თაობაზე.

კომენტარები