კახა კალაძე სტამბოლში იმყოფება, სადაც IZUZU-ს ცენტრში თბილისისთვის განკუთვნილი საჩვენებელი ავტობუსი დაათვალიერა და Facebook Live-თაც აჩვენა. კომპანიამ სულ 220, 8-მეტრიანი ავტობუსი უნდა დაამზადოს. ახალ ავტობუსებს თბილისში ეტაპობრივად, სექტემბრიდან შემოიყვანენ.
"ძალიან ლამაზი გამოვიდა და დაამშვენებს დედაქალაქის ქუჩებს. დიზაინი და ფერები ჩვენი შერჩეულია, გარეთა ფერს, მწვანეს რაც შეეხება, ეს არის თქვენი არჩეული. მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მწვანე ფერი და საკმაოდ ლამაზი გამოვიდა, ძალიან ლამაზია დამუქებული ფანჯრებით - ზაფხულში სიცხეს იკავებს" - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ "რა თქმა უნდა, ავტობუსს კონდიცირებაც ექნება".
"პატარა, კომპაქტური, ამ ავტობუსს თავისუფლად ექნება შესაძლებლობა, გადაადგილდეს ისეთ ქუჩებზე, სადაც თორმეტ და ათმეტრიანი ავტობუსები თავისი გაბარიტების გამო ვერ გადაადგილდებიან. ჩვენ ვაპირებთ 18 და 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასაც 2020 წლიდან. მანამდე მოსამზადებელია ინფრასტრუქტურა. აბა, როგორ მოგწონთ? მე მგონი, მართლაც ძალიან ლამაზია და ძალიან მიხარია, ძალიან მიხარია, რომ მაგარი არჩევანია, დიზაინი, რა თქმა უნდა, თქვენი შერჩეულია, ფერიც ძაან მაგარია, ულამაზესია და დარწმუნებული ვარ, თბილისის ქუჩები დამშვენებული იქნება ამ სილამაზით. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სილამაზე გვეყოლება ქალაქში" - თქვა კალაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში ცვლილებები შევა. კვლევას ფრანგული კომპანია სისტრა აწარმოებს. მისმა წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდაზე. კერძოდ, შესაძლებელია, საათნახევრიანი მგზავრობის ფასი ერთ ლარამდე გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, გაბილეთიანების საერთო სისტემაში მოექცევა მიკროავტობუსებიც.