უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატმა შესაძლო გარიგების შესახებ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა

პირველი არხი

უზენაესი სასამართლოს უვადოდ განმწესების მსურველი კანდიდატი, გოგიტა თოთოსაშვილი სახალხო დამცველის განცხადებაზე დასმულ კითხვას, რომ უვადოდ დასანიშნი მოსამათლეების კონკურში მოკლე სიის შედგენისას შესაძლოა გარიგებითა და ნეპოტიზმით შედგა, არ პასუხობს. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე თოთოსაშვილს კითხვა ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. 

ნაზი ჯანეზაშვილი: ენდობით სახალხო დამცველის დასკვნას (იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პირველი ფარული კენჭისყრის შესახებ)?

გოგიტა თოთოსაშვილი: რა თქმა უნდა.

ნაზი ჯანეზაშვილი: შესაბამისად, ეჭვები გიჩნდებათ, რომ პროცესი აქ არ იყო სამართლიანი?

გოგიტა თოთოსაშვილი: არა, მე ვერ გეტყვით იმიტომ, რომ სახალხო დამცველის განცხადებაც ეჭვების დონეზე იყო.

ნაზი ჯანეზაშვილი: არ არის ეჭვების დონეზე.

გოგიტა თოთოსაშვილი: მაშინ არ ვიცი, მე ვიცი რომ ეს ეჭვების დონეზე იყო.

ნაზი ჯანეზაშვილი: არ არის ეჭვების დონეზე, რიცხვებია.

გოგიტა თოთოსაშვილი: ეს რიცხვები, როგორც მე ვიცი, როგორც მე მახოვს, ვარაუდის დონეზე აქვს გამოთქმული სახალხო დამცველს, თუ არ ვცდები, ასე არის. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება. 

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

კომენტარები