აშშ

ტრამპმა საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის ამკრძალავ რეზოლუციებს ვეტო დაადო

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის რეზოლუციებს, რომლებიც საუდის არაბეთისათვის მილიარდობით დოლარის იარაღის მიყიდვის აკრძალვას შეეხება ვეტო დაადო.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 8.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის მიზეზად ირანიდან მომავალი საფრთხე დაასახელა.

მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ტრამპმა ამ კანონს ვეტო დაადო და კონგრესის გვერდის ავლით საუდის არაბეთისათვის 8 მილიარდი აშშ დოლარის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა.

ამისათვის მან ირანთან მიმდინარე დაძაბული ურთიერთობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად გამოაცხადა.

კონგრესის რეზოლუციები სწორედ ამ გადაწყვეტილების დაბლოკვას ემსახურებოდა, თუმცა საკმარისი ხმების არ არსებობის გამო კანონმდებლები ტრამპის ვეტოს ვერ დაძლევენ.

აშშ იარაღს მიჰყიდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და იორდანიასაც.

კომენტარები