თბილისის მერია

მერის მოადგილე მაჩალიკაშვილზე: პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ ვგეგმავთ

თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს. ასე ეხმაურება ირაკლი ხმალაძე პოლიციის მხრიდან რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის საშუალების არ მიცემას. პოლიციამ ამის მიზეზად სწორედ სამუშაოები დაასახელა.

მერის მოადგილე ამბობს, რომ უწყებას მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლაზე უარი არ უთქვამს და არც აქვს ამის უფლება, როცა საქმე ეხება სიტყვის დაა გამოხატვის თავისუფლებას.

ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს "ალბათ მხედველობაში ჰქონდათ მიმდინარე ტექნიკური შეკეთებები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით მუდმივად ხორციელდება". თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტთან მსგავსი არაფერი იგეგმება და თუ ამის საჭიროება მომავალ დღეებში იქნება, მერიას აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციაც ექნება.

"რუსთაველის გამზირზე მუნიციპალიტეტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ ამ გამოხატვის თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. თუ მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რამე სამუშაოებს, რომლებიც კონფლიქტში მოვა იქ მიმდინარე პროცესებთან, კანონის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - თქვა ხმალაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ შეიძლება საფრთხე დაემუქროს პარლამენტის წინ მიმდებარე ანტისაოკუპაციო აქციებს, მერის მოადგილე პასუხობს, რომ აქციების ჩატარებას კანონი იცავს და ამის წინააღმდეგ ვერ იქნება ვერც თბილისის მერია და ვერც სხვა სახელმწიფო დაწესებულება, "თუ ის იქნება კანონის ჩარჩოებში".

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ივლისს პოლიციამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ მისცა. ამის მიზეზად სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე მერიის მხრიდან დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს. მათ თქვეს, რომ იგეგმება ფილების შეცვლა და მაჩალიკაშვილი კარავს ვერ დადგამს, თუმცა აქციის ჩატარების უფლება აქვს. 

კომენტარები