რუსთავი 2

კოკა ყანდიაშვილი უარყოფს, რომ ის რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება

reportiori.ge

კოკა ყანდიაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთავი ორის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გავრცელდა. 

"იცით რა მე CNN-ზე ვინიშნები საინფორმაციოს უფროსად, კარგით რა, რა თქმა უნდა, სისულელეა," - ამბობს კოკა ყანდიაშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

ინფორმაცია უარყო არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამაც. მისი თქმით მსგავსი საკითხი არ განიხილება. 

"ყანდიაშვილის დანიშვნის საკითხი არც განხილულა. არ ვაპირებთ რამე შევცვალოთ, სხვა ამოცანები გვაქვს ჯერჯერობით. დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმია ეს კომპანია და ყველაფერი გამოჩნდება," - უთხრა ტაბულას პაატა სალიამ. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები