მალხაზ მაჩალიკაშვილი

EMC: მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვა შეკრების თავისუფლების ხელყოფაა

ტვ პირველი

EMC დღეს, 25 ივლისს, 16:00 საათზე თბილისის მერიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტის ტერიტორიაზე მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვის განმარტების მოთხოვნით მიმართავს.

დღეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თქვეს, თბილისის მერია
პარლამენტის წინ ფილების სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რის გამოც მაჩალიკაშვილს კარვის დადგმის უფლებას ვერ მისცემენ. ამის დასადასტურებლად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს რაიმე დოკუმენტი მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის არ წარუდგენიათ. 

ასევე, თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს.

EMC-ის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს 2018 წლის ოქტომბრის თვეშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ კარვის დადგმის შესაძლებლობა შეუზღუდეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის სასამართლო დავისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მას ეს შესაძლებლობა მიეცა და 2019 წლის 20 ივნისამდე პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფებოდა.

EMC-ის თქმით, მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის დადგმის
უალტერნატივო აკრძალვა შეკრების თავისუფლების ხელყოფას წარმოადგენს და
საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს,
რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და
ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების,
მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე
გადაადგილებას. მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის დადგმას არ გეგმავს გზის სავალ
ნაწილზე, შესაბამისად გაუგებარია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რეალური
ალტერნატივის შეთავაზების გარეშე რატომ უზღუდავენ მას პარლამენტის
ტერიტორიაზე კარვის განთავსებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მხრიდან მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალავა მშვიდობიანი შეკრების კონტროლის მცდელობას წარმოადგენს. ის მოუწოდებს თბილისის მერიას, უზრუნველყონ კანონმდებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განუხრელი დაცვა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში კი EMC უზრნველყოფს ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში.

კომენტარები