უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი: როცა ბავშვია, მოსამართლის ტრიბუნიდან ჩავდივარ და მასთან ვჯდები

რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, ალექსანდრე იაშვილის თქმით, როცა მცირეწლოვნის საქმეს იხილავს, მოსამართლის ტრიბუნიდან ჩადის და მასთან ჯდება, რათა ბავშვმა სტრესი არ განიცადოს. 

"როცა არასრულწლოვნის დაკითხვა ხდება, გარკვეული ნორმების გამოყენება გვიწევს მართლმსაჯულების კოდექსიდან. ერთ-ერთი გარანტიაა ისიც, რომ არასრულწლოვნის დაკითხვისას მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობა, თუმცა ეს არის სასამართლოს დისკრეცია. როდესაც ვსაუბრობთ 5 ან 6 წლის ბავშვებზე, რეალურად მათ სჭირდებათ ფსიქოლოგი. პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები მაქვს, როდესაც ასეთი მცირეწლოვანი არის, ჩავდივარ მოსამართლის ტრიბუნიდან და ერთად ვსხდებით ბავშვი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, მხარეები და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუქნათ ისეთი გარემო, რაც ბავშვზე იქნება ორიენტირებული, რომ მან სტრესი არ განიცადოს. რა თქმა უნდა, მაცვია მანტია, მანტია ერთ-ერთი ატრიბუტია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. საერთაშორისო პრაქტიკაა ეს, რომელიც გამოუყენებიათ. ყველა არასრულწლოვანი ერთ სიბრტყეში არ უნდა იქნას განხილული, არამედ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს ყველა მათგანთან, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს დაკითხვის დროს, პროცედურული თვალსაზრისითაც არაერთი სტანდარტია, რომელიც მორგებულია მის უფლებებზე,რათა არასრულწლოვანმა არ იგძნოს თავი ისე, თითქოს მისი ბედი სულერთია", - თქვა ალექსანდრე იაშვილმა.

33 წლის ალექსანდრე იაშვილი 2016 წლის იანვრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება. 

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

კომენტარები