უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

კანდიდატი იაშვილი: არ ვთვლი, რომ კლანის წევრი ვარ ან ეს კლანი საერთოდ არსებობს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე იაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მოსამართლეთა კლანის შესახებ ჰკითხეს. 

საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე: ეს შეკითხვა შეიძლება დაგისვან სხვა შინაარსით, მე მინდა დაგისვათ [კითხვა], სასამართლოს ე.წ კლანი მართავს თუ არა?

ალექსანდრე იაშვილი: მე უბრალოდ, ანუ, ამ სიტყვის არსი და შინაარსი ბოლომდე არ მესმის. მე ვარ ამ სისტემის, რიგითი წევრი, რიგითი მოსამართლე, რომელსაც დაწყებული მაქვს სტაჟირებიდან სასამართლოში მუშაობდა და ეტაპობრივად განვვითარდი და რომ განვვითარებულიყავი, არ დავკმაყოფილებულვარ მხოლოდ სასამართლოში მუშაობით. დოქტურანტურაშიც ვმუშაობ სამეცნიერო კუთხით, მათ შორის პედაგოგიურ-საგანმანათლებლო გამოცდილების კუთხით და ამ პირობებში აქამდე ვარ მოსული და მე არ ვთვლი, რომ ან რაიმე ფორმით ან კლანის წევრი ვარ ან ეს კლანი საერთოდ არსებობს, გამომდინარე იქიდან რომ მაგალითად თუ რაღაც კონკრეტულ საკითხზე მოსამართლეთა ჯგუფს, ან თუნდაც მოსამართლეთა კორპუსს კონკრეტულ საკითხზე მაგალითად თუნდაც დამოუკიდებლობის თემასთან დაკავშირებით აქვს ერთიანი მოსაზრება ან რაღაც კონკრეტულ საკითხებზე აქვს ერთიანი ხედვა, ჩემი პირადი სუბიექტური მოსაზრებაა რომ, არ უნდა შეფასდეს იმგვარად, რომ ეს არის კლანი.

33 წლის ალექსანდრე იაშვილი 2016 წლის იანვრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება. 

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

კომენტარები