უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

კანდიდატი მოსამართლეთა შერჩევაზე: ახლა რომ შევაფასო, მაშინ სხვა საკითხებზეც უნდა ვისაუბრო

რადიო თავისუფლება

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ალექსანდრე იაშვილი ამბობს, რომ სანამ მოსამართლეთა შერჩევა არ დასრულდება, პროცესის სამართლიანობაზე ვერ ისაუბრებს.

კითხვა მას ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა.

ნაზი ჯანეზაშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თქვენი კონკურენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე არის საბჭოს ერთ-ერთი წევრის მაზლი, მეორე წევრის ცოლის ძმა და საბჭოს 2 წევრს ერთმანეთთან აკავშირებს მეჯვარეობა. ახლა თქვენ ხართ მოსამართლე და თქვენგან ეს პასუხი უფრო საინტერესოა. რამე უსამართლობის განცდას არ გიჩენთ, რომ თქვენ ამ ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტების ჩემი აზრით დაუცველობის გამო შეიძლება თქვენ მიმართ არ იყოს მაინცდამაინც მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენი სიძე ან თქვენი ოჯახის ნათესავი არ ზის საბჭოში. მოხვედით და არავინ გყავთ. მესმის, რომ რთული შეკითხვაა, მაგრამ ამ შეკითხვებით ჩანს, ადამიანი რამდენად თავისუფალი და უშიშარია.

ალექსანდრე იაშვილი: მე თუ ამ საკითხებზე ვისაუბრებ, მათ შორის დადებით ან უარყოფით კონტექსტში, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაშინ მე უნდა შევაფასო მთლიანად წინსწრებით მიმდინარე პროცესი და მათ შორის, ეს პროცესი მოიაზრებს არაერთ ასპექტს. მე გპირდებით, რომ თუ შემდეგ რამე კითხვა გექნებათ, როცა ეს პროცესი გაგრძელდება, კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მაგრამ თუ ახლა გიპასუხებთ, რას ვფიქრობ დადებით ან უარყოფით კონტექსტში, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე ვერ ჩავერევი ვერც თქვენი და ვერც სხვა რომელიმე წევრის საქმიანობაში. ასე გადაწყვიტეს, ასე განიმარტა კანონი. მე რომ ამ საკითხზე ვისაუბრო, უნდა ვისაუბრო სხვა საკითხებზეც, მთლიანად ფორმატსა და პროცესის მიმდინარეობაზე, კანდიდატებზე. რამდენად იქნება სწორი წინსწრებით საუბარი, ჯერ პროცესი არ დასრულებულა. პირდაპირ არ არის კანონში მითითებული კანონში, რომ ეს არის დაუშვებელი. პროცესს ნდობას ვუცხადებ. 

33 წლის ალექსანდრე იაშვილი 2016 წლის იანვრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება.

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

კომენტარები