ბრექსითი

ჯონსონი ევროკავშირს: ბრექსითზე შეთანხმება "ბექსტოპის" გაუქმების გარეშე შეუძლებელია

ბორის ჯონსონი
Reuters

ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

ჯონსონმა "ბექსტოპის" გაუქმების შესახებ პარლამენტში ისაუბრა.

"ნათლად უნდა გაიგონ, რომ შეთანხმებისაკენ გზა "ბექსტოპის" გაუქმებაზე გადის.

ჩვენი მისიაა დავასრულოთ ბრექსითის პროცესი 31 ოქტომბერს რათა გავაერთიანოთ გაერთიანებული სამეფო და ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა საუკეთესო ადგილად დედამიწის ზურგზე." თქვა მან.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა ბრიტანეთი ვერ დატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და საბოლოოდ მეიმ პოსტი დატოვა.

ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი მუქარა შეთანხმების გარეშე გასვლის თაობაზე ევროკავშირის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და საფრანგეთს ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობაში დაარწმუნებს.

ამ დრომდე ევროკავშირში ამბობდნენ, რომ ბრექსითის შეთანხმების გადახედვა არ იგეგმებოდა.

გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისათვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები