აშშ - რუსეთი

ავტორმა ჰარარიმ წიგნის რუსულ ვერსიაში პუტინის კრიტიკის ნაწილი ტრამპის კრიტიკით შეცვალა

cp24

ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა იუვალ ნოა ჰარარიმ მისი წიგნის ‘21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის’ რუსულად ნათარგმნი ვერსიიდან ვლადიმერ პუტინის კრიტიკის ნაწილი ამოიღო, თუმცა ის დონალდ ტრამპის კრიტიკით და დაგმობით ჩაანაცვლა.

წიგნის ინგლისურ ვერსიაში ჰარარი ყირიმის ანექსიაზე წერს, რომ ეს "იყო ერთადერთი წარმატებული დაპყრობა, რაც 21-ე საუკუნეში წამყვანმა ძალამ განახორციელა... სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა, მეზობლებში შიში დათესა და მსოფლიო ძალად წარმოაჩინა თავი".

ინგლისურ ვერსიაში ისიც წერია, რომ ყირიმის წარმატებული დაპყრობა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევაში იყო შესაძლებელი", რადგან როდესაც რუსეთმა უკრაინის სხვა ნაწილებში მსგავსის გამეორება სცადა "მას უფრო ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა... მეტიც, უარესიც მოხდა (რუსეთის გადმოსახედიდან), ომმა ანტირუსული სენტიმენტები გამოიწვია და უკრაინა მოკავშირიდან მტრად იქცა".

რუსულ თარგმანში რუსეთის სტრატეგიული შეცდომები ნახსენებიც არ არის  - "რუსეთი ყირიმის ანექსიას უცხო ქვეყნის დაპყრობად არ აღიქვამს, რუსულ ჯარს ადგილობრივების ან უკრაინული არმიის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა შეხვედრია. მეტიც, ყირიმის ანექსიის შედეგად და აღმოსავლეთ უკრაინაში არაერთ კონფლიქტში მონაწილეობის შედეგად, რუსეთმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაპოვარი შეიძინა და საერთაშორისო პრესტიჟი გაზარდა... ეკონომიკური ბენეფიტი მეტად მცირე იყო."

"დღეს ჩვენ მუდამ გვეუბნებიან, რომ საშიშ, სიმართლის შემდგომ ერაში ვცხოვრობთ და ტყუილებით ვართ გარშემორტყმული. არ არის საჭირო მაგალითების მოყვანა. რუსეთის მთავრობამ და პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ უარყო, რომ იქ რუსული ჯარები იყო და ისინი სპონტანურ თავდაცვისუნარიან გაერთიანებად მოიხსენია, როდესაც ეს პუტინმა და მისმა თანამზრახველებმა განაცხადეს, მშვენივრად იცოდნენ რომ იტყუებოდნენ" - წერს ჰარარი ინგლისურ ვერსიაში.

ამავდროულად,  რუსულ ვერსიაში ჰარარიმ პუტინის ნაცვლად ტრამპი მოიშველია - "დღეს ჩვენ გამუდმებით გვეუბნებიან, რომ ვცხოვრობთ საშიშ, სიმართლის შემდგომ ერაში და ტყუილებით ვართ გარშემორტყმული... პრეზიდენტმა ტრამპმა მისი ინაუგურაციის შემდეგ 6000 მცდარი განცხადება გააკეთა..."

იუვალ ნოა ჰარარი
ფოტო: wired

ჰარარიმ მის მიერ შემოტრიალებული წიგნის ვერსია დაიცვა და აღნიშნა, რომ "მთავარია, წიგნის მთავარი იდეა დიქტატურის, ექსტრემიზმის, ფანატიზმის საფრთხეებზე ჩანდეს, რათა მრავალფეროვან აუდიტორიას მივწვდეთ. ეს იმ აუდიტორიასაც მოიცავს, რომელიც არადემოკრატიულ რეჟიმებში ცხოვრობს. წიგნში გარკვეულმა მაგალითმა, შესაძლოა, აუდიტორიაში გაუცხოება გამოიწვიოს ან გარკვეულმა რეჟიმმა ცენზურა დაადოს. ამ მიზეზის გამო, მე ზოგჯერ ვუშვებ ადგილობრივ ადაპტაციასა და გარკვეულ სენსიტიურ მაგალითებს ვცვლი, თუმცა წიგნის მთავარ არგუმენტებს - არასდროს".

კომენტარები