ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, დაკავებულია კიდევ 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ასევე, იმავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ 4 პირი. 

შსს-ის წარმომადგენლის, მამუკა ჭელიძის განცხადებით: 

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.

ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში.

1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. და

1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას". 

ირაკლი ოქრუაშვილი მანქანით გადაადგილებისას დღეს, 25 ივლისს დააკავეს. მასთან ერთად გურამ ჩალაგაშვილი იმყოფებოდა. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პირველ საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას და დააანონსეს, რომ "უახლოეს პერიოდში ბრალდებულთა წრე გაიზრდება". ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით თავდაპირველად დააკავეს აქციის 4 მონაწილე. შსს-ს განცხადებით, "დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

მეორე საქმეზე კი - სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. პროკურატურის ცნობით, "საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება". 

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

კომენტარები