ბრექსითი

ევროკავშირში ბორის ჯონსონის ბრექსითის შეთანხმებაზე მოთხოვნებს მიუღებელი უწოდეს

ბორის ჯონსონი / მიშელ ბარნიე
Reuters

ევროკავშირში ბორის ჯონსონის განცხადებებს გამოეხმაურნენ. ბრექსითის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ თქვა, რომ შეთანხმებიდან ე.წ. "ბექსტოპის" ამოღება მიუღებელია.

იგივე პოზიცია დააფიქსირა ჯონსონთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც. მან თქვა, რომ არებული შეთანხმება საუკეთესო შესაძლო ვარიანტია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა ბრიტანეთი ვერ დატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და საბოლოოდ მეიმ პოსტი დატოვა.

ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი მუქარა შეთანხმების გარეშე გასვლის თაობაზე ევროკავშირის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და საფრანგეთს ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობაში დაარწმუნებს.

ამ დრომდე ევროკავშირში ამბობდნენ, რომ ბრექსითის შეთანხმების გადახედვა არ იგეგმებოდა.

კომენტარები