რუსეთი

მოსკოვის საარჩევნო კომისიაში მოშიმშილე ოპოზიციონერი პოლიციამ დივნიანად გამოიყვანა [VIDEO]

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" თანამშრომელი, ლიუბოვ სობოლი, რომელიც 13 ივლისიდან მოსკოვის საარჩევნო კომისიის შენობაში მისი კანდიდატურის დარეგისტრირების მოთხოვნით შიმშილობს, პოლიციელებმა დივნიანად გარეთ გამოიყვანეს.

ამის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელებში თავად გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც 24 ივლისს დააკავეს, 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნავალნის კვლავ მიტინგის ჩატარების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. 

20 ივლისს, მოსკოვში ათასობით მომიტინგემ აქციაზე "დაუშვი" ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირება და თავისუფალი, სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები მოითხოვა. სახაროვის გამზირზე, 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ამ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ, ნავალნი იყო. ამავე მიტინგზე, ოპოზიციონერმა თქვა, რომ თუ კი ხელისუფლება არ შეასრულებდა მომიტინგეების მოთხოვნებს და არ დაარეგისტრირებდა ოპოზიციონერ კანდიდატებს ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე, 27 ივნისს მიტინგი მოსკოვის მერიასთან გაიმართებოდა.

შეგახსენებთ, კანდიდატებს, რომლებსაც სექტემბერში ჩანიშნულ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ 6 ივლისის ჩათვლით 4 500 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. ხელმოწერების შესაგროვებლად ისინი რამდენიმე კვირა კამპანიას აწარმოებდნენ. საარჩევნო კომისიაში მიტანილ ხელმოწერებზე კი მათ განუცხადეს, რომ ხელმოწერათა დიდი ნაწილი არავალიდური იყო - სახელები, მისამართები, პასპორტის დეტალები არასწორი იყო. 

14 ივლისს პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მომიტინგეები, რომლებიც კანდიდატებთან კომისიის ხელმძღვანელის გორბუნოვის პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ 25 მომიტინგე დააკავა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა და ოპოზიციის კანდიდატებმა მხარდამჭერებს მჯდომარე პროტესტის დაწყებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები