მედია საქართველოში

ბერენტი: პოლარიზებული მედია გამოცემები ამბის გარკვეულ მხარეს აჩვენებენ და ეს პრობლემაა

მარკ ბერენტი
VOA

Freedom House-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ მედია პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პრობლემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ პოლარიზებული მედიებისა და ტელევიზიების მიერ ამბის მხოლოდ ერთი მხარის ჩვეება პრობლემა იყო.

"ვფიქრობ მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკასთან ერთად, ახალი ამბები ობიექტურად იყოს მიწოდებული, სადაც ამბის ყველა მხარეა წარმოჩენილი. ჟურნალისტები, უმეტეს შემთხვევაში, ამას არ აკეთებენ. ხშირად, პოლიტიზებული, პოლარიზებული მედია გამოცემები, განსაკუთრებით ტელევიზიები, ამბის გარკვეულ მხარეს აჩვენებენ და ეს პრობლემაა. თუ ერთი აზრის ჩახშობა მოხდება - ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის, რომელიც ამ პოზიციას წლების განმავლობაში ატარებდა, საზოგადოებაში ერთით ნაკლები ხმა იქნება. თუმცა, ვთვლი ამას წითელ ხაზად? არა, რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ადვილად შესაძლებელი იქნება ეს მოსაზრებები სხვაგვარად გამოიხატოს. ეს არ მაშფოთებს. ეს რომ იყოს დახურული მედია გარემო, სადაც შეუძლებელი იქნებოდა სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვება და ჟურნალისტებს რომ ავიწროებდნენ, ამ შემთხვევაში მდგომარეობის შეცვლა რთული იქნებოდა. საქართველოს მედია გარემო იძლევა ცვლილებების საშუალებას და აზრთა სხვადასხვაობა ხალხისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ობიექტურ ინფორმაციას არავინ იღებს და ეს პრობლემის ნაწილია," - ამბობს ბერენტი. 

Freedom House-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორმა საქართველოს ტელევიზიების მიკერძოებულობაზეც ისაუბრა - "თუ ნებისმიერი მედია გამოცემა, იქნება ეს რუსთავი 2 ან იმედი - და მათ მე ერთ კატეგორიაში განვიხილავ - უწყვეტად აგრძელებს პოლიტიკური ხაზის გატარებას და მოგვიანებით იწყებს წუხილს, რომ მისი მხარე აღარაა წარმოდგენილი, მათი სერიოზულად აღქმა რთულდება. ისინი კარგი ჟურნალისტიკის მაგალითები რომ ყოფილიყვნენ, რომ ეცადათ, საქმის ორივე მხარის სამართლიანად წარმოჩენა, იმისთვის, რომ მაყურებელს თავად შეძლებოდა მხარეებს შორის არჩევანის გაკეთება, მაშინ უფრო მეტად შემაწუხებდა ეს ცვლილება. თუმცა, ამ მოცემულობაში, "რუსთავი 2"-ის პროფესიონალი ჟურნალისტები შეძლებენ ადაპტაციას, ან იპოვიან სხვა გამოცემებს თუ შესაძლებლობებს, და მათი ხმა კვლავ მიაღწევს ხალხამდე".

ბერენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე აღესრულოს, რომ მედიას განსხვავებული აზრის გახმოვანების საშუალება ჰქონდეს - "გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც აზრთა ფართო სპექტრს წარმოადგენს, არის დემოკრატიის საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, აპოლიტიკური და მისცეს საშუალება მედიას, რომ წარმოადგინოს სხვადასხვა შეხედულება და აზრი".

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები