მედია საქართველოში

კაცი: თუ საქართველოს დასავლურ კურსზე დარჩენა სურს, დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანია

კონათან კაცი
VOA

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ჯონათან კაცმა, რომელიც ადრე საქართველოში USAID-ის, აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელი იყო ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"მედიის დამოუკიდებლობა კრიტიკულია საქართველოსთვის. საქართველო რეფორმების განხორციელების პროცესშია და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე მუშაობს. დამოუკიდებელი მედია კრიტიკულია საქართველოს ზრდისთვის, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ასევე - მის ურთიერთობაში შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. თუ საქართველოს სურს ევრო-ატლანტიკურ კურსზე დარჩენა, ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მან შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მედია, რომლის გარეშეც რთული იქნება მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. მედია, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის ქმედებების მნიშვნელოვანი მოდარაჯეა. მედიას კრიტიკული როლი აქვს იმაში, რომ ისმოდეს ქართული საზოგადოების ხმა, რომელსაც სურს იყოს დასავლური ინსტიტუტების ნაწილი,"- ამბობს გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი.

კაცი აღნიშნავს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად მედია პლურალიზმის არსებობა აუცილებელია - "საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. წინასაარჩევნო პერიოდში ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია მედია გარემო, სადაც განსხვავებული ხედვები იქნება წარმოდგენილი და რომელზე დაყრდნობითაც მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს. ორიდან ერთი მსხვილი მაუწყებლის, "რუსთავი 2"-ის საქმე, თავისუფალი მედია გარემოსთვის საფრთხეს ქმნის. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ ტელევიზიის სათავეში, მან აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტური დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა. ისინი ამ პროცესს ყურადღებით აკვრიდებიან, რათა ნახონ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები".

8 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები