20 ივნისის საქმე - მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარუდგინეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ივლისს 20 ივნისის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა, მათ შორის ერთი - მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილია. 

"დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში" - აცხადებს შსს.

მორის მაჩალიკაშვილს ბრალი კგუფური ძალადობის მუხლით უკვე წარუდგინეს. ადვოკატის თქმით, საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ მორის მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ მაისში დაწყებულ გამოძიებაში ფიგურირებს. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე თვის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. სუს-მა მაშინ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.

უწყების მტკიცებით, მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მამაის საფლავის მდებარეობის შესწავლა დაავალა. სუს-ის ვერსიით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის მოკვლას აპირებდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ სახელმწიფოს მისი განადგურება უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით დაიწყო და სუს-მა მკვლელობის მომზადებაში ღიად დაადანაშაულა მალხაზ მაჩალიკაშვილი, სამი თვის შემდეგაც არ არის ცნობილი რამე ახალი ინფორმაცია. ბრალი არავისთვის წარუდგენიათ, მოწმის სახით 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ მორის მაჩალიკაშვილს. ასევე, რამდენჯერმე დაკითხეს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები