კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მუსიკის ფესტივალზე მობილურები და სხვა პირადი ნივთები მოიპარა

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულმა გ.მ-მ ელექტრონული მუიკის ფესტივალზე დამსწრეებს მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები მოპარა.

"ბრალდებული 21 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხნის შენობაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ფარულად დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და სხვა პირად ნივთებს. პოლიციამ გ.მ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მის მიერ 7 მოქალაქისგან მოპარული სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები. მათ  შორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უკვე გაყიდული Iphone XR-ის მოდელის მობილური ტელეფონი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „ა“  და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. მუხლი გულისხმობს დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები