სირცხვილია

სირცხვილია: აქციის მონაწილეების დაკავება შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების შურისძიებაა

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" ორგანიზატორები 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავებას შერჩევით სამართალს უწოდებენ და ხელისუფლების შურისძიებად აფასებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში, ხელისუფლება ლმობიერი იყო მისდამი ლოიალურად განწყობილი მოძალადე პირების მიმართ. ორგანიზატორები ამ კონტექსტში ეროვნული ბიბლიოთეკის, 17 მაისის, ტელეკომპანია კავკასიის დარბევის, კორცხელის და პანკისის ინციდენტებს იხსენებენ. მათი თქმით, ამ ფონზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებების ტალღა კანონის უზენაესობის პატივისცემის არგუმენტით ვერ შეიფუთება.

"კანონი უზენაესია, ხოლო უზენაესი კანონი კონსტიტუციაა, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ქვეყანაში რუსი კომუნისტი დეპუტატის შემოშვება და შემდეგ მისი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმა იყო ის, რამაც 20 ივნისს პარლამენტის წინ შეგვკრიბა.

20 ივნისს, ხელისუფლებამ, სპონტანურად შეკრებილი მრავალათასიანი აქციის პირისპირ სპეცრაზმი დააყენა. ეს ნაბიჯი, ჩვენი აზრით, იყო გამიზნული პროვოკაცია.

ცალსახა კანონდარღვევა იყო ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის ყოველგვარი გაუფრთხილების გარეშე დაწყება, რაც მალევე, ადამიანებზე ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიებით ნადირობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, პოლიტიკური ხელისუფლება მომხდარის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებების ტალღა კანონის უზენაესობის პატივისცემის არგუმენტით ვერ შეიფუთება მაშინ, როცა გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ლმობიერი აღმოჩნდა მისდამი ლოიალურად განწყობილი მოძალადე პირების მიმართ: 2013 წლის თებერვალში - ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, 2013 წლის 17 მაისს - რუსთაველის გამზირზე, 2016 წლის მაისში - კორცხელში, 2019 წლის ივნისში - პანკისში და ა.შ..

გვითხარით, ზემოთ ნახსენებ რომელ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება იმავე ან მსგავსი მუხლებით მაინც, რასაც 20 ივნისის დემონსტრანტებს ედავებიან? ამ ამბების რომელი მონაწილის ან ორგანიზატორის მიმართ იქნა გამოყენებული საპატიმრო ღონისძიებები ან სასჯელი?

➡️ ჩვენ გვახსოვს, რომ ბიბლიოთეკასთან ძალადობა 100-ლარიანი ჯარიმებით დასრულდა;

➡️ ჩვენ გვახსოვს, რომ ტელეკომპანია "კავკასიის" დარბევაში მონაწილე პირები პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს;

➡️ ჩვენ გვახსოვს, რომ 17 მაისს მოძალადე კონტრაქციის მონაწილეები წვრილმანი ჯარიმებით გათავისუფლდნენ;

➡️ ჩვენ გვახსოვს, რომ კორცხელელ ზონდერებს არცერთი დღე არ გაუტარებიათ პატიმრობაში;

➡️ ჩვენ გვახსოვს, რომ "ქართული მარში" დღემდე დაუსჯელად დადის და ბედავს, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ მობილიზდეს, ხოლო ლევან ვასაძე, რომელიც ვერის ბაღში მოძალადე რაზმს აყალიბებდა, არათუ დააკავეს ან ბრალი წაუყენეს, არამედ 600,000 ლარიანი აგროკრედიტიც კი გამოუწერეს, ისევ ბიუჯეტისა და ღარიბი ხალხის ხარჯზე.

❗ამ ვითარებაში, "ქართული ოცნების" მიერ დანერგილი სტანდარტის გათვალისწინებით, გავრილოვის ჩამოსვლით გაღიზიანებული და აღშფოთებული მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა ლამის განზრახ მკვლელობის ტოლფასი, უმძიმესი მუხლებით არის შერჩევითი სამართალი.

❗ დაკავებულთა რიგებში არიან ადამიანები, რომელთაც წარსულში არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებიათ. ისინი ცხოვრობდნენ მშვიდობიანად მანამ, სანამ მთავრობა ოკუპანტ გავრილოვს საკანონმდებლო ორგანოში სხდომას წააყვანინებდა. ეს ადამიანები მუშაობდნენ ქვეყნისთვის, იხდიდნენ გადასახადებს, თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში, ახლა კი ისინი უვარგისი სასამართლოს გადაწყვეტილებებით სხედან ციხეში, მათ შორის შსს-ს მიერ გავრცელებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოების საფუძველზე.

მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არავითარ საფრთხეს არ უქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას, არ არსებობს მათი დაკავების არანაირი საჭიროება და თავისუფლადაა შესაძლებელი, სასამართლო პროცესამდე მათი სახლში გაშვება. ამ პირთა პატიმრობა შურისძიებას ჰგავს - შურისძიებას იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ვერ აპატიეს.

❌ ასევე, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნა. მოვითხოვთ, რომ “გავრილოვის ღამის” მთავარი დამნაშავე და შემოქმედი, შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ისევ ჩვენი გადასახადებით იღებს ხელფასს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს გაზრდის გამოძიების წნეხის გარეშე ჩატარების ალბათობას და დატოვებს ნაკლებ კითხვას საზოგადოებაში, მიმდინარე მოვლენებისა და გამოძიების სამართლიანობასთან დაკავშირებით. #სირცხვილია #გახარიაწადი" - ნათქვამია განცხადებაში.

"სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე, კვლავ საპროტესტო აქციას მართავს. ბოლო ერთი კვირა, ანტისაოკუპაციო აქცია ზაფხულის ფორმატზე იყო გადასული - ორგანიზატორებმა პარლამენტთან სტუდია მოაწყვეს და გადაცემები ჰქონდათ. თუმცა, 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავების და ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენის გამო, "სირცხვილია" სამსახურში ბრუნდება.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები