27 ივლისს, პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, ჰონგ-კონგში მშვიდობიანმა მომიტინგეებმა აქცია გამართეს, ხოლო პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის აეროზოლი გამოიყენა.
შეკრებამდე პოლიციამ მომიტინგეებს უთხრა, რომ იუენ ლონგის ინციდენტის შემდეგ, სადაც პროჩინელი მოძალადეების ჯგუფი მშვიდობიან მომიტინგეებს თავს დაესხა, აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.
რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ მრავალათასიანი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის აეროზოლი გაუშვა.
იუენ ლონგზე ათასობით მომიტინგე პოლიციის საწინააღმდეგო სლოგანებს გაიძის და იუენ ლონგის ინციდენტის დროს პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მომიტინგეები ამ დრომდე არ იშლებიან.
21 ივლისს ჰონგ-კონგში ათობით ნიღბიანი პირი მატარებლის სადგურზე შეიჭრა და აქციიდან მომავალ მომიტინგეებსა და მგზავრებს თავს დაესხა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ნიღბიანი პირები ხის და მეტალის ჯოხებით ხალხს თავს ესხმიან.
დაშავდა 45 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომრეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. ჰონგ კონგში მიმდინარე აქციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ინციდენტზე პოლიციას საკმარისად სწრაფი რეაგირება არ ჰქონია. თვითმხილველების თქმით პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ერთ საათში მივიდა. მომდევნო დღეებში, პოლიციის თქმით, ინციდენტში მონაწილე 12 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.
მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.
12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.
ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.
საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.
1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.
ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.