რუსეთი

მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე 435 ადამიანი დააკავეს

Евгений Разумный / Ведомости

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ 435 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

აქცია მოსკოვის მერიის წინ იმართება და მომიტინგეები სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორებს მიტინგის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება არ გაუფრთხილებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ბოლო განცხადებაში 295 ადამიანის დაკავებას ადასტურებდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციელები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ. 

დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, მათ შორის ილია იაშინი, ლიუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი, ივან ჟდანოვი და იულია გალიამინა. 

მოსკოვში ფართომასშტაბიანი აქციები 14 ივლისს დაიწყო. ათასობით მომიტინგე ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს. 

მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

კომენტარები