რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში 27 ივლისს გამართული აქციების დროს ჯამში 1074 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. პოლიციელები შევარდნენ იმ ტელევიზიების სტუდიებში, საიდანაც აქციის ტრანსლაცია ხდებოდა. სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ.
აქციაზე მომიტინგეები კვლავ სამართლიან არჩევნებსა და ოპოზიციური კანდიდატებისთვის დარეგისტრირების უფლების მინიჭებას ითხოვდნენ.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარ შეუთანხმებელი აქცია, რომელიც მოსკოვის მერიის შენობის წინ იყო დაგეგმილი, მალევე გადაიზარდა მიმდებარე ქუჩებზე აქციად.
ნიღბიანი პოლიციელები ჩხრეკის მიზნით Навальный Live-ის სტუდიაში შევიდნენ, საიდანაც აქციის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა და ის შეწყვიტეს. დაკავებულია ვლადიმერ მილოვი, რომელსაც გადაცემა მიჰყავდა და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი. პოლიციელები ასევე შეიჭრნენ დამოუკიდებელ ტელევიზია Дождь-შიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აშუქებდა აქციას. არხის მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით გადაიყვანეს (აქციებზე ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით დაიწყო გამოძიება). ტელეკომპანიის ვებგვერდის სერვერზე კი კიბერშეტევა მოხდა.
დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქეებმა ტრუბნაიას მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ასევე გაემართნენ 27 ივლისის დილით დაკავებული პოლიტიკოსებიც, რომლებიც საღამოს ჯარიმის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს - ილია იაშინი, დმიტრი გუდკოვი, ლიუბოვ სობოლი, იულია გალიამინა და ივან ჟდანოვი.
პოლიციელები ხალხს მოედანთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მათი დიდი ნაწილი აქაც დააკავეს. რუსი ჟურნალისტები ყვებიან, თუ როგორ უხეშად ექცეოდნენ მათ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები: ისინი იყვნენ კამერებითა და მობილურებით და ჟურნალისტებს ხელებიდან ართმევდნენ ტექნიკას და აყენებდნენ ტკივილს.
შემდეგი მიტინგი მოსკოვში 3 აგვისტოს, მომდევნო შაბათს დაიგეგმა.
ფართომასშტაბიანი აქციების ციკლი მოსკოვში 14 ივლისს დაიწყო, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოწმედ დამოუკიდებელი ტელევიზიის "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი დაკითხეს.