ავტოსაგზაო შემთხვევა

სამაშველო ოპერაციის გამო, თუშეთის გზა ხვალ დილის 6 საათიდან გადაიკეტება, დაკარგულია 1 ადამიანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხვალ, დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე. გზა სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად იკეტება. ხეობაში მძიმე ტექნიკას შეიყვანენ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად.

"მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა, გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შემთხვევის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში, ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან.

ამ დროისთვის, მაშველებმა შეძლეს 6 მოქალაქის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოები დილის ექვსი საათიდან აქტიურად განახლდება. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნით დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები" - აცხადებს შსს.

ავტოავარია 27 ივლისს მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ხუთმა ადამიანმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები