სროლა აშშ-ში

კალიფორნიაში ნივრის ფესტივალზე კაცმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია 4, დაშავდა 15 ადამიანი [Video]

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ გილროიში გამართულ ნივრის ფესტივალზე შეიარაღებული კაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა 15. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციას მიაჩნია, რომ მამაკაცი მარტო არ მოქმედებდა და ამჟამად დანაშაულის თანამონაწილეს ეძებენ.

თავდამსხმელმა ფესტივალზე შესასვლელად ღობე გაარღვია. თვითმხილველების თქმით ცეცხლსასროლი იარაღის გარდა მას ჯავშანჟილეტიც ჰქონდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

თავდასხმის ამსახველი ვიდეო, რომელშიც სროლის ხმა ისმის, სოციალურ მედიაში გავრცელდა.

გილროის ნივრის ფესტივალი 1979 წლიდან ყოველ წელს ტარდება. ღონისძიებაზე თავს ნივრის მწარმოებლები იყრიან და კულინარიული შეჯიბრები იმართება. პარკში, სადაც ფესტივალი ტარდება ნებისმიერი სახის იარაღის შეტანა აკრძალულია.

მიმდინარე წელს აშშ-ში ეს უკვე 246-ე შემთხვევაა, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავდასმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიჭრა ან დაიღუპა.

კომენტარები