გოგია: დაუშვებელია სასამართლოების მიერ ზოგადი არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

Freedom House Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. 

გიორგი გოგია Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დაუშვებელია სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ზომაა და ინდივიდუალური გარემოებებით კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. დაუშვებელია სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ან ისეთი ზოგადი ცნებები, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ან მიმავალვა არ და ვერ გამოდგება წინასწარი პატიმრობის საფუძვლად, თუ კონკრეტული ინდივიდუალური გარემოებებით არ არის გამყარებული. საზღვარგარეთ ხშირი სიარული ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაცნობების წრის ყოლა არანაირად არ გამოდგება წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის ან მისჯის დასასაბუთებლად. ყველა აქციის მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ წინაწარი პატიმრობიდან გამოძიების მიმდინარეობის დროს. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ,"- წერს გოგია Facebook-ზე. 

27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს, მათ შორის ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძესა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილს, მორის მაჩალიკაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები