უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

კანდიდატი ლომიძე: განხილვისას არ მაინტერესებს, ადამიანი პოლიტიკური პატიმარი არის თუ არა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ამრთლმსაჯულებისთვის

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება განახლდა. 

საბჭო დღეს 2 კანდიდატს მოუსმენს, მათგან პირველი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ლომიძეა

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მას ერთ-ერთი კითხვა პოლიტიკური პატიმრობის შესახებ დაუსვა. 

ნაზი ჯანეზაშვილი: რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, თქვენი აზრით? 

მერაბ ლომიძე: პოლიტიკური პატიმარი ალბათ შეიძლება იყოს ის პირი, თუ ჩაითვლება, რომ ეს პირი უკანონოდ არის პატიმარი და პოლიტიკური ნიშნით არის პატიმარი. იმიტომ არის პატიმარი, რომ ვიღაცას პოლიტიკური ნიშნით სურდა მისი პატიმრობა. ალბათ ეს არის პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ სამართლებრივი ტერმინი "პოლიტიკური პატიმარი" მე არსად მინახავს და არ გამიგია. პატიმარი ან არის კანონიერად პატიმარი, ან თუ დადასტურდა, რომ უკანონოდ იყო და გაამართლებენ, გამოდის, რომ არის უკანონო პატიმარი. მაგრამ საზოგადოებაში ასე მიაჩნიათ, რომ ვიღაცა თუ დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით, არის პოლიტიკური პატიმარი, ალბათ. სამართლებრივი ტერმინი - მე როგორც ვიცი, სისხლის სამართალში არ არის ტერმინი "პოლიტიკური პატიმარი". 

ნაზი ჯანეზაშვილი: "სად შეიძლება მოვძებნოთ ამ ტერმინის განმარტება?"

მერაბ ლომიძე: არ ვიცი, პოლიტიკური პატიმარი, სისხლის სამართლის სპეციალისტებმა თუ სადმე იციან, არ ვიცი, მე არ ვიცი. 

ნაზი ჯანეზაშვილი: "სისხლის სამართალი არ არის ეს მხოლოდ, ჩემი აზრით. სამართალდამრღვევი შეიძლება თუ არა გახდეს პოლიტიკური პატიმარი?"

მერაბ ლომიძე: "მე, როგორც მოსამართლე, როცა ვიხილავ საქმეს, ესა თუ ის ადამიანი პოლიტიკური პატიმარი არის თუ არა, არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ერთი რამ: ეს ადამიანი რამდენად კანონიერად, რამდენად ფაქტობრივი გარემოებებიდან არის დაკავებული. პოლიტიკური პატიმარი, სიტყვა, ტერმინი არის ძალიან ფართო განსამარტი. რაღაც ჯგუფმა შეიძლება თქვას, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი, ვიღაცებმა თქვან, რომ არა, ბატონო, ეს არის კანონიერი პატიმარი. მე, მოსამართლეს, მაინტერესებს, რამდენად კანონიერად, საქმეში არსებული ფაქტებისა და გარემოებებიდან გამომდინარე ხდება მოყვანა ჩემთან სასამართლოში და არის თუ არა მისი დაპატიმრების სამართლებრივი საფუძველი. 

ხომ შეიძლება, იყოს ასეთი მომენტი, რომ ვიღაცას, პოლიტიკოსს, უნდოდეს ვიღაცის დაპატიმრება და სურვილი ქონდეს, პოლიტიკურად დაპატიმრდეს ეს ადამიანი და დააპატიმრონ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მას ასეთი სურვილი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის იმსახურებს პატიმრობას. ჩაიდინა სამართალდარღვევა ან დანაშაული და დააკავეს. ითვლება პოლიტიკურ პატიმრად? თუ ადამიანი სჩადის დარღვევას, რომელიც არის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი დანაშული და დააკავებენ, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პატიმარი".  

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. უკვე გამოკითხულია 20-ზე მეტი კანდიდატი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც, სხვა კანდიდატებთან ერთად, ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები