27 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბალტიის ზღვაში გოგლანის კუნძულთან წყალქვეშა ნავით დაცურავდა მაშინ, როდესაც დედაქალაქში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის Twitter-ის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ.
მან წყალქვეშა ნავი Sch-308 Syoga დაათვალიერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაიძირა - "წყალქვეშ 50 მეტრის სიღრმეში მოგზაურობა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა".
27 ივლისს მოსკოვში მერიის შენობასთან, სადაც სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა, სამართალდამცავებმა ოფიციალური მონაცემებით - 1074, ხოლო არაოფიციალური, "OVDInfo"-ს მონაცემებით 1373 ადამიანი დაიჭირეს. სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ. პოლიციელები იმ ტელევიზიების სტუდიებშიც შევარდნენ, საიდანაც აქციის ტრანსლაცია ხდებოდა.
ქალაქის მერიასთან აქცია დღის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასობით სპეცრაზმმა კორდონი გააკეთა და მომიტინგეებს მერიასთან მისვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს, რათა ქალაქის მერიასთან მისულიყვნენ, თუმცა პოლიცია მომიტინგეებს კვლავ აპატიმრებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ უბრალო გამვლელებიც კი, რომლებმაც აქციის გამართვის შესახებ არაფერი იცოდნენ, დაიჭირეს. ისინი გაჩხრიკეს და არ აუხსნეს, თუ რისთვის აკავებდნენ.
მომიტინგეები სკანდირებენ "სირცხვილია!"; "ყოველდღე!"; "რუსეთი პუტინის გარაშე!"; "ეს ჩვენი ქალაქია!"; "დაუშვი!"; "ჩვენ იარაღი არ გვაქვს."
მოსკოვში ფართომასშტაბიანი აქციები 14 ივლისს დაიწყო. ათასობით მომიტინგე ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს.
მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.
ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოწმედ დამოუკიდებელი ტელევიზიის "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი დაკითხე
შემდეგი მიტინგი მოსკოვში 3 აგვისტოს, მომდევნო შაბათს დაიგეგმა.