ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს

AP

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის მკურნალი ექიმი, ანასტასია ვასილიევა facebook-ზე ავრცელებს. 

მისი თქმით, ოპოზიციონერს კონტაქტური დერმატიტი აქვს. 

"ტოქსიკური აგენტი", რომელმაც შეშუპება და სიწითლე გამოიწვია, ჯერ გამოვლენილი არ არის. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მისი იმ საკანში დაბრუნების, სადაც ეს უცნობი ქიმიური ნივთიერებაა",- წერს ვასილიევა

მისივე თქმით, ნავალნიმ მკურნალობა აუცილებლად უნდა განაგრძოს, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. 

ალექსეი ნავალნი, 24 ივლისს საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს. ბოლო 30 დღის განმავლობაში ეს ნავალნის დაპატიმრების მეორე შემთხვევა იყო. იმავე დღეს, სასამართლომ ნავალნის, მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა 28 ივლისს საღამოს თქვა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 64-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური დიაგნოზით, მას მწვავე ალერგიული ფონი გამოუვლინდა. თუმცა, მისმა პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასიელევამ აღნიშნული დიაგნოზი გამორიცხა და თქვა, რომ ალერგიული ფონი ნავალნის არასდროს აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ ის იმ საჭმელს მიირთმევდა რასაც სხვა დაკავებულები და არანაირი ახალი პარფიუმერია და პირადი ჰიგიენის საშუალებები არ გამოუყენებია. ამავე პოსტში ვასილიევამ დაწერა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. 

კომენტარები