უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი: უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა დისკრიმინაციული არ არის

უზენაეს სასამართლოში უვადოდ განმწესების მსურველი კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლე, გენადი მაკარიძე ფიქრობს, რომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა დისკრიმინაციული არ არის. 

კითხვა გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. 

ნაზი ჯანეზაშვილი: რას ფიქრობთ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის მიყიდვის შესახებ? გავლენას ახდენს თუ არა ჩვენს ეკონომიკაზე და უნდა იყოს თუ არა აკრძალული?

გენადი მაკარიძე: ეკონომიკაზე აისახება თუ არა ამას მე ვერ გეტყვით, მე არც კვლევა არ ჩამიტარებია...

ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენი აზრით?

გენადი მაკარიძე: ჩემი აზრი იქნება, ერთი ამ კუთხით არაკომპეტენტური ადამიანის აზრი.

ნაზი ჯანეზაშვილი: თვითონ ის აკრძალვა უნდა იყოს თუ არა?

გენადი მაკარიძე: ჩემი მოსაზრება არის ის, რომ ეს არის ქვეყნის საზოგადოების უმეტესობის გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმით უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არანაირად დისკრიმინაციული ეს არ არის.

კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში, თუ მიიღო მემკვიდრეობით.

კონსტიტუციის ახალი შესწორებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისების დაშვება ორგანული კანონის მიღებით შეიძლება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა. დანელიას თქმით, “დაახლოებით, 1 500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც დაახლოებით, 200 000 000-ით ნაკლებით შეიტანა სოფლის მეურნეობაში.”

ქართულმა ოცნებამ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ორჯერ მიიღო 2013 და 2017 წლებში. მორატორიუმი უცხოელებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას უკრძალავდა. გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. უკვე გამოკითხულია 20-ზე მეტი კანდიდატი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც, სხვა კანდიდატებთან ერთად, ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

კომენტარები