ირანელ ქალებს თავსაბურავის გარეშე გადაღებული ფოტოს გამო 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ის მიხედვით თეირანის რევოლუციური სასამართლოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ პატიმრობა ემუქრებათ იმ ქალებს, რომელბიც თავსაბურავის გარეშე ფოტოს ონლაინ გაავრცელებენ ან მასიჰ ალინეჯადს გაუგზავნიან.
ალინეჯადი ირანელი აქტივისტია, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს. მან წამოიწყო კამპანია "თეთრი ოთხშაბათი" სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. კამპანია ქალებს მოუწოდებს გადაიღონ ფოტოები თავსაბურავის გარეშე.
ირანში საჯარო ადგილებში თავსაბურავის ტარება ქალებისათვის სავალდებულოა. კანონის დარღვევისათვის სასჯელი 25 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმიდან 2 თვემდე პატიმრობამდეა განსაზღვრული.
უკანასკნელ წლებში ირანის ქუჩებში პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის მოხსნის გამო არაერთი ქალი დააკავეს.