უკანასკნელი კვირის განმავლობაში ციმბირში ცეცხლის 300-ზე მეტი კერა გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით ცეცხლი 2.6 მილიონ ჰექტარზე დიდ ტერიტორიას უკიდია, რაც დაახლოებით ყირიმის ნახევარკუნძულის ზომის ტერიტორიაა.
Greenpeace რუსულ ოფისში ამბობენ, რომ ხანძარი 11 მილიონ ჰექტარამდე ტერიტორიას შეეხო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ მეხის დაცემამ გამოიწვია.
მათი თქმით ხანძრის ჩაქრობის მცდელობას აზრი არ აქვს და ხარჯი სარგებელს გადააჭარბებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ხანძარი დასახლებულ ტერიტორიებს არ ემუქრება. მიუხედავად ამისა სმოგმა და ჰაერის დაბუნძურებამ დიდ ქალაქებამდეც მიაღწია. ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელს კი მიაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.
საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ კრასნოიარსკის და ირკუტსკის რეგიონებში გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი კიდევ ორი რეგიონის ტერიტორიაზე მძვინვარებს.
კრასნოიარსკის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ ზაფხულში ხანძარი იგივეა, რაც ზამთარში ქარბუქი და რომ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა არაფრის მომტანი და ზოგჯერ საზიანოც კია.
რუსმა ვიდეობლოგერმა, დიმიტრი ივანოვმა, რომელიც Youtube-ზე პოლიტიკურ თემატიკაზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ბლოგერია, ციმბირში ტყეების დაწვასთან დაკავშირებით თავის არხზე Kamikadzedead-ზე ვიდეო განათავსა და ხანძრის მიზეზებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ხანძრის მიზეზი არის ის, რომ რუსეთი წლებია ციმბირის ტერიტორიის ტყეებს უკანონოდ ჩეხავს, რათა მასალა ჩინეთს მიჰყიდოს, წელს კი გაჩეხვის მასშტაბებმა არნახულს მიაღწია და იმისთვის, რათა ამ უკანონო ქმედების კვალი დაეფარათ, მათ მილიონობით ჰექტარი ტყე გადაწვეს.
იუთუბერმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეს ხანძარი ხელს აძლევს და მის ჩაქრობას არც ცდილობს, მხოლოდ რეპორტაჟებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაცია თავისით დალაგდება, “მექრთამე ეკოლოგები პუტინს სჭირდება”,- ამბობს ის, ვინაიდან მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხანძრის მიზეზი მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და ქარიშხლებია.