გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტრომ დიზელის ხარისხის შემოწმება დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ისინი დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 120 სინჯს აიღებენ.

"შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია და სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებით" - აცხადებს გარემო დაცვის სამინისტრო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

კომენტარები