მოსამართლეობის კანდიდატები

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება შესაძლოა სექტემბრამდე გადაიდოს

პირველი არხი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გადადებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა შესაძლოა ეს საკითხი განიხილონ.

გვრიტიშვილმა გუშინ თქვა, რომ არ არის გამორიცხული გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს. თუმცა დღეს ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრება იყო, როგორც საბჭოს ერთერთი წევრის.

„საშვებულებო პერიოდია და როგორც საბჭოს ერთმა წევრმა, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ, თუმცა იმასაც ვითვალისწინებ, რომ უზენაეს სასამართლოში უმძიმესი ვითარებაა. არაერთხელ ვთქვი, რომ პროცესი რაც შეიძლება გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს საბჭოშიც და პარლამენტშიც," - ამბობს გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ თუ კანდიდატებთან გასაუბრებები გადაიდება და სექტემბერში განახლდება, ამას გამარჯვებად ჩათვლის.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ჩემთვის ცოტა გაურკვევლად იქცევიან. ჯერ შეთანხმდნენ, რომ დღეში ხუთ ადამიანთან უნდა გამართულიყო გასაუბრება, შემდეგ ჩამოვიდნენ სამზე, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ თურმე შესაძლებელია ორ ადამიანთან ჩატარდეს გასაუბრება, თუმცა მათი დამოკიდებულება პროცესისადმი არის ჩემთვის გაუგებარი. არ ვიცი დიმიტრი გვრიტიშვილს რა უფლებამოსილება აქვს, ის მედიაში აცხადებს, რომ შესაძლოა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადოს გასაუბრების ეტაპი და გაგრძელდეს სექტემბერში. ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა, გვრიტიშვილი არის თვითმარქვია საბჭოს თავმჯდომარე. მას კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა, თუ ეს ასე მოხდება, ამას მივიჩნევ გამარჯვებად და იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც აქ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, აღარ მოსწონთ, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს ამ ცირკს, რომელსაც ხელმძღვანელობს თვითმარქვია გვრიტიშვილი და სურთ შეაჩერონ დროებით რათა განეიტრალდეს ემოციები. კანდიდატების უმრავლესობა მოსამართლეა და ხშირ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ადამიანები რომლებიც უვადოდ არიან უკვე დანიშნული, მათ კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების ტესტი მაინცდამაინც ვერ გაიარეს თავის დროზე და როგორ გახდნენ მოსამართლეები, კიდევ საკითხავია. ის კანდიდატები, რომლებიც დღეს მოდიან, ალბათ უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდებიან. მათ შორის, ალბათ არის წინასწარი შეთანხმება, რომ ისინი ცდილობდნენ გაეჯერებინათ სხვადასხვა მოსამართლეებით ეს სია, რათ შაეექმნათ ფორმალური კონკურენცია,“ - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. კანდიდატებთან გასაუბრების სხდომებს საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობს. 

კომენტარები