ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

2019 წელს მოძალადეების მიმართ 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მათგან 2655 - თბილისში

www.geo.tv

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ძალადობის მსხვერპლების დასაცავად 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მათგან ყველაზე მეტი თბილისშია, ხოლო ყველაზე ნაკლები გურიაში.

შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია:

  • თბილისი - 2655
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 563
  • ქვემო ქართლი - 477
  • კახეთი - 443
  • აჭარა - 428
  • შიდა ქართლი - 345
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 258
  • მცხეთა-მთიანეთი - 131
  • სამცხე-ჯავახეთი - 66
  • გურია - 33.

აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერების სიმცირე ავტომატურად არ ნიშნავს ნაკლებ ძალადობას - ეს უფრო ხშირად პოლიციისადმი მიმართვიანობაზე მეტყველებს.

"მსხვერპლის ძალადობისგან დასაცავად სამინისტრო კვლავ აგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ოჯახში მოძალადეების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე და შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები", - აღნიშნავენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 6 თვეში პასუხისგებაში მიეცა 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-ია. უწყებაში ამბობენ, რომ 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი, რაც, მათი აზრით, "ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ეფექტიანობას, რაც მსხვერპლის დაცვის რეალურ მექანიზმს წარმოადგენს".

შსს-ში მიუთითებენ, რომ შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. უწყების ინფორმაციით, დამრღვევი უმრავლეს, 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში - ქალი.

"ასევე, მაღალია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს.

თუმცა, მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე", - ამბობენ შსს-ში.

კომენტარები