ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

კახიძე ოქრუაშვილის დაკავებაზე: ეს არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური რეპრესია

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძის თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მისივე შეფასებით, ოქრუაშვილის დაკავება არის პოლიტიკური რეპრესია და შერჩევითი სამართლის შემთხვევა.

"ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკურად არის მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა იმიტომ, რომ კანონის უზენაესობით ამას ვერ ახსნიან. მათი მოკავშირეები, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფები დღემდე არიან დაუსჯელები იმავე ქმედებისთვის, რომელსაც ედავებიან ამ შემთხვევაში ოქრუაშვილს, ამიტომ, აქ არის ცალსახად შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური რეპრესია, როდესაც ხელისუფლება მოქმედებს არა კანონის მიხედვით და კანონიდან კი არ ამოდის, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან" - ამბობს კახიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა 27 ივლისს შეუფარდა. ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ 29 ივლისს გაასაჩივრა.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის სამმა თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

კომენტარები