თიბისი ბანკის საქმე

თქვენს გვერდით მიგულეთ! - ბურჭულაძე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს

Paata Burchuladze/ facebook

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს. 

ბურჭულაძე facebook-ზე წერს, რომ სიცრუისა და ცილისწამების სიმწარე ერთ-ერთმა პირველმა თვითონ გამოსცადა, როცა "უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დააბრალეს". მისივე თქმით, "ეს არავის შერჩება და პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ გამიზნულ ბოროტებაზე" 

"ვერც კი წარმომიდგენია, ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ სერიალები გადაიღო და უზღვავი ფული დახარჯო ცნობილი და მთელი მსოფლიოსთვის პატივსაცემი ქართველებისა და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციების რეპუტაციის გასანადგურებლად. 

დღეს მე მრცხვენია ჩემი კოლეგების, მსოფლიო დონის ვარსკვლავების, ვის კალენდარშიც წლებით ადრეა ყველა დღე გაწერილი, მაგრამ მეგობრობის პატივსაცემად მაინც პოულობდნენ დროს და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოდიოდნენ საქართველოში ბავშვების დასახმარებლად. მრცხვენია, რომ მავნებელი ოლიგარქისგან დასაცავად ავსტრიის მხარდაჭერა და უცხოელი ადვოკატების თანადგომა დამჭირდა. მრცხვენია, რომ საქართველოში ამდენ ადამიანს უჭირს და ფაქტიურად, ბოლომდე გაანადგურეს ქველმოქმედების იდეა, ყველას და ყველაფრის მიმართ გააჩინეს უნდობლობა და ეჭვი. 

ჩვენ რომ მოვლენებზე სწორი და დროული რეაგირება შეგვეძლოს მჯერა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამდენს. ახლა ხომ მაიც ცხადად გამოჩნდა ყველაფერი, ახლა ხომ მაინც აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, ახლა ხომ მაინც ყველა ვხედავთ, რომ დიდი ფული იხარჯება ტროლურ კამპანიებში და მოქალაქეთა შორის ხელოვნური დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივებაში. ოლიგარქისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ყოველი ახალი ძალა, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა იქნება ეს თუ პარლამენტის წინ შეუპოვრად მებრძოლი ახალგაზრდების გაერთიანება. საკუთარი მილიარდების გადასარჩენად ის ყველაფერზე მიდის. და ამ დროს, მას ავიწყდება მთავარი, ქართველს ჩაგვრით ვერავინ დააშინებს, ის მხოლოდ მცირე დროით შეიძლება შეაფერხო საბოლოო გამარჯვებამდე! 

ჩემო მამუკა, ვამაყობ შენით, ვამაყობ ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდებით, რომლებიც ამდენი ზეწოლის მიუხედავად, ვნახეთ რომ ვერც შეაშინეს და ვერც დაღალეს. თქვენს გვერდით მიგულეთ და ყველა იმ პატრიოტი ქართველის გვერდით, ვისი მიზანიც იქნება ქვეყნის განთავისუფლება ივანიშვილის მმართველობისგან. დარწმუნებული ვარ, საქართველო ისეთივე თავისუფალი და წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი დიტო რაზმაძე, რომელმაც შენი, ფონდ „იავნანას“ და კარგი ადამიანების თანადგომით, ყველა სირთულე დასძლია და ჭრილობებისა და ტკივილების მიუხედავად, 18 წლის საამაყო და სამაგალითო კაცი გახდა",- წერს პაატა ბურჭულაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. 26 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. 

კომენტარები