რუსთავი 2-ის საქმე

აქიმიძე: ხალვაშის შემოთავაზებაზე თანახმანი არ ვართ, რატომ? ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ

რუსთავი 2-ის ერთერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის, შეთავაზებაზე, მასა და დავით დვალს არხის მფლობელობის 40% გადაეცეს, თანახმა არ არის. 

აქიმიძის თქმით, ის და დავით დვალი მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას, სადაც დეტალურად ისაუბრებენ იმაზე, თუ რატომ არ არიან ამ შეთავაზებაზე თანახმანი. 

შეხვედრა ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს შორის დღეს, 30 ივლისს გაიმართა. შეხვედრას ასევე ხალვაშის ადვოკატი და რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალიაც ესწრებოდა. ხალვაშმა რუსთავი 2-ის მფლობელებს ტელეკომპანიის 40% შესთავაზა. მისივე თქმით, ეს შეთავაზება დვალსა და აქიმიძეს არ გახარებია, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს, თუმცა დვალის თქმით, მას არავინ შეხმიანებია. ამ განცხადების შემდეგ მას ქიბარ ხალვაში დაუკავშირდა და მხაარებს შორის შეხვედრა დაიგეგმა. 

კომენტარები