ლარის გაუფასურება

მამუკა ბახტაძე: ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული

ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა. 

მისი თქმით, არსებობდა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც, ბოლო მოვლენების გამო ვერ მოხდა.

"ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისის და ივნისის ციფრები იყო ყველაზე პოზიტიური, ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული, ეს არის დასკვნა ექსპერტების"- ამბობს ბახტაძე. 

მისივე თქმით, აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. 

დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ლარის ისტორიული გაუფასურება უმთავრესად საგარეო შოკით არის განპირობებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით 1.61 თეთრით შემცირდა, ევროსთან კი - 2.47 თეთრით. ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9507 ლარია, ერთი ევროსი - 3.2889 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, თუმცა გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.

 

კომენტარები