ნარკოდანაშაული

21 კგ ჰეროინი, 7000 აბი სუბუტექსი, 1,9 კგ კოკაინი, - რა ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ იანვრიდან დღემდე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ამის შესახებ დღეს უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი გაიმართა.

"მიმდინარე წლის 30 ივლისს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, სოფელ ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში, კომპლექსურად
ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ
საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. დაკავებულები არიან: 1983 წელს
დაბადებული ე.ი., 1993 წელს დაბადებული ე.ე., 1990 წელს დაბადებული ს.ჯ. და
1975 წელს დაბადებული რ.მ.. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე
ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული
ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ასევე, შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფონიჭალაში დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი. 1989 წელს დაბადებული ა. მ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება, ჰეროინი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის 27 ივლისს, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში, 1978 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ვ.ს.
დააკავეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
საქართველოში შემოტანას ცდილობდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას 20
კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო," - თქვეს შსს-ში.

აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

კომენტარები