ღამის ეკონომიკა

თბილისის ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული 135 000-ლარიანი ტენდერი მეორედ ჩაიშალა

ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშალა. თბილისის მერია 135 000 ლარის დახარჯვას აპირებდა იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა მოემზადებინათ.

სატენდერო კომისიის დასკვნით, პრეტენდენტი კომპანიის, "დელოიტი და ტუში", წარდგენილი კვლევა არ არის სტრატეგიული კვლევის დოკუმენტი, რასაც თბილისის მერია ითხოვდა. სატენდერო პირობებით, კომპანიას მოეთხოვებოდა, ღამის ეკონომიკის მიმართულებით ჩატარებული ჰქონოდა არანაკლებ 1 კვლევა, ხოლო რეგიონის/ქალაქის/ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით - არანაკლებ 2 კვლევა, მათგან ერთი - სულ მცირე 100 000 ლარის ღირებულების. აქედან გამომდინარე, კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა - ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიზანშეწონილია, მოკლე ვადებში განისაზღვროს კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

"ზემოთხსენებულმა აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანულ განვითარებას ღამის პერიოდში, ასევე მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის ზრდას. 

ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და 8:00 საათამდე გრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების როლი, როგორებიცაა გართობა, დასვენება და კულტურული ღონისძიებები. ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, უბნების რეგენერაცია და უსაფრთოხება, რომელიც ღამის ეკონომიკის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს. ღამის ეკონომიკას მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის ზრდაში და დღის მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული" - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თბილისის მერიის აზრით, ღამის ეკონომიკის პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:

  • გაიზარდოს ღამის ეკონომიკის ჩარჩოებში მოქმედი მიკრო და მცირე, ასევე საშუალო ზომის ბიზნესერთეულების რაოდენობა;
  • გაიზარდოს მოქალაქეების შემოსავლები;
  • განსაკუთრებით გარეუბნებში, განვითარდეს ახალი და უნიკალური სპორტული და კულტურული დანიშნულების ობიექტები და ღონისძიებები;
  • გაიზარდოს ტურისტების ნაკადი დედაქალაქში და მათ მიერ თბილისში გატარებული დღეების რაოდენობა;
  • გაიზარდოს თბილისის როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2018 წელს გადაწყვიტა, რომ თბილისს სჭირდება უწყება, რომელიც იზრუნებს ეკონომიკის განვითარებაზე მაშინ, როდესაც ქალაქის უმეტესობას სძინავს. ღამის ეკონომიკის მდგრადობასა და გონივრულ განვითარებაზე სერგი გვარჯალაძე ზრუნავს. 30 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვაზე, რა გაკეთდა ღამის ეკონომიკის მიმართლებით, თქვა, რომ "ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ".

კომენტარები