ერთიანი ეროვნული გამოცდები

ეროვნულ გამოცდებზე, ზოგად უნარებში, მაქსიმალური ქულა ვერავინ აიღო, 12.9% ჩაიჭრა

კვირის პალიტრა

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ზოგად უნარებში მაქსიმალური, 80 ქულა ვერავინ აიღო. მონაწილეთა 12.9%-მა კი აღნიშნულ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 31 ივლისს გამოაქვეყნა.  


ფოტო: Naec
79 ქულის აღება მხოლოდ ორმა აბიტურიენტმა მოახერხა - მე-3 და მე-4 ვარიანტებში.

პირველი ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმალური აღებული ქულა 77-ია, მეორე ვარიანტის კი 78.

ზოგად უნარებში მაქსიმალური ქულა 80-ია. ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი პირველსა და მესამე ვარიანტებში 22 ქულა იყო, მეორე და მეოთხე ვარიანტებში - 24.

ზოგადი უნარების გამოცდა 3-4 ივლისს ჩატარდა.


ფოტო: Naec

Naec-მა მხოლოდ გამოცდის ქართულენოვანი ვერსიის სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.

რაც შეეხება წინა წლებს - 2018 წელს ზოგად უნარებში მხოლოდ 1 მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა. 2017 წელს, მსგავსად წლევანდელისა, 80 ქულა ვერავინ აიღო, თუმცა 79 ქულა გამოცდის ყველა ვარიანტში დაიწერა.

---

2020 წლიდან ერიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.

"ჩვენ ბავშვებს უნდა მოვთხოვოთ ის ცოდნა, რომელიც სკოლაშია მიღებული", - თქვა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

2020 წლიდან აბიტურიენტები ოთხი სავალდებულო საგნის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ.

კერძოდ, სავალდებულო საგნებად დარჩება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხო ენის გამოცდები, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამის მიხედვით. კონკრეტულად, ჰუმანიტარული მიმართულებების არჩევისას აბიტურიენტები ჩააბარებენ ისტორიის, ხოლო ტექნიკური მიმართულების არჩევისას - მათემატიკის გამოცდას.

კომენტარები