ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიატრთან უფასო ვიზიტი და უფასო მკურნალობა - ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი გაიზარდა

joy.org.au

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა. შედეგად, ბევრი სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო გახდა.

თბილისსა და რეგიონებში დაფუძნდა სათემო ცენტრები, სადაც პირველად ფსიქიატრიული მომსახურება უფასოა. სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობასა და ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

დაფინანსება შეეხება ორგანული ბუნების აშლილობებს, სიმპტომატურ აშლილობების ჩათვლით, შიზოფრენიასშიზოტიპურ აშლილობებს, აფექტურ აშლილობებს, რეაქციას მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებს, ფსიქოზურ აშლილობებს, დეპრესიულ აშლილობას, შფოთვით აშლილობებს, ბიპოლარულ აშლილობებს და ა.შ.

პროგრამა დააფინანსებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც, მათ შორის - ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკურ აშლილობებს, ნევროზულ, სტრესთან დაკავშირებულ და სომატოფორმულ აშლილობებს, ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგიას, ფსიქიკური განვითარების დარღვევებს, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებულ ქცევით და ემოციურ აშლილობებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაზრდილია სათემო მობილური გუნდების რაოდენობა. ეს არის სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტთან თავად მიდის და ადგილზე უწევს მომსახურებას.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ტაბულასთან ამბობს, რომ 2017 წელს სულ სამი ასეთი ჯგუფი იყო, 2018 წელს - 11 და წელს, წლის ბოლომდე 31-მდე გაზრდა იგეგმება.

ეკა ადამიას თქმითვე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს და ეს არის მიბმული დაზღვევაზე - სახელმწიფო დააფინანსებს ყველას, მათ შორის კერძო დაზღვევით მოსარგებლეებსაც.

"ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ დავუახლოვდეთ სტრატეგიულ მიზანს. მთავარია სათემო სერვისების გაძლიერება, სათემო და ამბულატორიული დაფინანსების გათანაბრება. გვაქვს სხვა გეგმებიც ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის ქრონიკულ, გახანგრძლივებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების საცხოვრისებში გამოყვანის გეგმაც არის სამინისტროში და ამაზეც ვმუშაობთ პარალელურ რეჟიმში. მომდევნო წლის ბიუჯეტშიც გარკვეული თანხა გვაქვს მოთხოვნილი იმისთვის, რომ საცხოვრისების ნაწილი განვავითაროთ და ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს შევუქმნათ შესაბამისი პირობები", - ამბობს ადამია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაზე ბიუჯეტის ზრდა 2018 წლიდან დაიწყო, როცა 5 მილიონი ლარი დაემატა, 2019 წელს კი კიდევ 3.5 მილიონი.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. შესაბამისი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც (1505) არის შესაძლებელი. ბინაზე მობილური ჯგუფის გამოძახებაც შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შედეგად ხდება.

პროგრამის შესახებ დეტალურად იხილეთ აქ.

კომენტარები