ლარის გაუფასურება

მაია ცქიტიშვილი: ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის ერთ-ერთი პუტინის გინებაა

საქართველოს პარლამენტი

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გიორგი გაბუნიას მიერ მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გინებაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა.

"ლარს პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით. მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს," - თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცე პრემიერის თქმით, ტყუილია ექსპერტების მტკიცება, რომ სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა. მისივე თქმით, სახელმწიფო ყველანაირად უწყობს ხელს ბიზნესის, გლეხებისა და მეწარმეების განვითარებას, თუმცა ამ პროცესებს, მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პირები უშლიან ხელს.  

"ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი რასაც ჩვენ ვიღებთ," - თქვა ცქიტიშვილმა.  

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრით გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 31 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 2.11 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 2.38 თეთრით.

კომენტარები