აშშ-ირანი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
მუჰამედ ჯავად ზარიფი ფოტო: Reuters

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუჰამედ ჯავად ზარიფს სანქციები დაუწესა. სანქციების ფარგლებში აშშ-ში მისი ანგარიშები გაიყინება.

"ჯავად ზარიფი ატარებს ირანის უზენაესი ლიდერის (აიათოლა ალ ხამენეის) უპასუხისმგებლო გეგმებს. იმ დროს, როდესაც ირანის საკუთარ მოქალაქეებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უზღუდავს, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ავრცელებს რეჟიმის პროპაგანდას და ცრუ ინფორმაციას მთელს მსოფლიოში ამ საშუალებებით. აშშ ნათელ მესიჯს უგზავნის ირანს, რომ მათი ბოლოდროინდელი ქცევები ყოვლად მიუღებელია." თქვა სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა.

სანქციების დაწესებას ზარიფი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ს ეშინია მან ხელი არ შეუშალოს მათ გეგმებს რეგიონში. ზარიფის თქმით სანქციებს მასზე არანაირი გავლენა არ ექნება რადგან მას და მის ოჯახს ირანის გარეთ ანგარიშები არ აქვთ.

"აშშ-ის მიზეზი, რის გამოც მე გამომარჩიეს არის ის, რომ ირანის მთავარ სპიკერად მთვლიან მსოფლიოში. სიმართლე ასეთი მწარეა? გმადლობთ, რომ ასეთ დიდ საფრთხედ მთვლით თქვენი გეგმებისათვის." დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ და ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანულმა მხარემაც განაცხადა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებენ და ურანის გამდიდრებას აგრძელებენ.

მიმდინარე წლის მაისში კი ტრამპმა ირანს სანქციები გაუმკაცრა და სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენები გაგზავნა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო დრონი ჩამოაგდო. მათი თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა და თავდასხმების შემდეგ ტანკერებს აკვირდებოდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე სარაკეტო იერიშს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და სანაცვლოდ კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

ორი კვირის წინ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ნაბთობტანკერი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის მიერ ტანკერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

გეგმის მიხედვით აშშ-ის ხომალდები დაზვერვას და მისიების მონიტორინგს განახორციელებენ, ხოლო მოკავშირე ქვეყნების გემები პატრულირებას და სავაჭრო ხომალდების ეკორტირებას. გენერალ დანფორდის თქმით მასშტაბები მოკავშირე ქვეყნების რაოდენობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები