ლარის გაუფასურება

წერეთელი: სხვაზე დაბრალებით ლარი ვერ გამყარდება, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებასა და ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს ეხმაურება. 

წერეთლის შეფასებით, მთავრობის მიერ ამ პრობლემის სხვებზე გადაბრალებით ლარი ვერ გამყარდება. 

"ფაქტია, რომ დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვისმენდეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებს ან ჩამოყალიბებულ, თუნდაც მოკლევადიან ანტიკრიზისულ გეგმას, ვხედავთ მხოლოდ სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ძალიან სუსტ არგუმენტებს, რომ ლარის დევალვაცია არის საზოგადოების პროტესტის შედეგი ან რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირების,"- ამბობს წერეთელი.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს და, შესაბამისად, ახსოვს, რომ ქვეყანაში აქციები თვეების განმავლობაში იმართებოდა და ეს ეროვნულ ვალუტაზე ასე არ აისახებოდა. 

"ასეთი რამ არ მომხდარა, როდესაც რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა 2008 წელს. რაც შეეხება ტურისტთა ნაკადს, ტურისტების ზრდის მიუხედავად, ლარი უფასურდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე აქ სხვა მიზეზებზე უნდა იყოს საუბარი, რატომ მცირდება ინვესტიციები და ვერ ხდება ეკონომიკის სტიმულირება და დივერსიფიცირება, რატომ არ არის ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა, რატომ ებრძვის ხელისუფლება მისთვის არასასურველ პოლიტიკურ ოპონენტებს და მედიას, რატომ მიიტანა იერიში ყველაზე დიდ საბანკო სტრუქტურაზე და კონკრეტულად ბიზნესმენებზე, ხაზარაძე-ჯაფარიძე მყავს მხედველობაში. ეს ფაქტორები და ამას დამატებული არასწორი ეკონიმიკური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯები, არასწორი რეგულაციები და საბანკო ჩარევები ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე და ლარი არის ამის მთავარი ინდიკატორი,"- ამბობს წერეთელი. 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გამოსავლის ძიება სხვაზე გადაბრალებაში არ არის. 

"გამოსავალი არის კრიტიკული ანალიზის შედეგად სწრაფი, კომპეტენტური ნაბიჯების გადადგმა. ხელისუფლება უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ის გუნდი, რომელიც ამ ამოცანას ვერ ართმევს თავს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს,"- თქვა გიგი წერეთელმა.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრით გაუფასურდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ლარის გაუფასურებას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას აბრალებენ, თუმცა 2009 წელს, როდესაც რუსთაველი საკნებით იყო გადაკეტილი, ლარი დოლართან მიმართებით მყარდებოდა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 31 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 2.11 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 2.38 თეთრით.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.3127 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები